“საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ, მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს”

“საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ, მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს”

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, – ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული ხელშესახები შედეგები. ამ კონტექსტში საბჭომ აღნიშნა 2017 წლის ანგარიში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირმა დადებითად შეაფასა განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც განამტკიცა საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, სექტორულ და სავაჭრო რეფორმებს.
ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში.
საბჭომ აღნიშნა, რომ 2017 წელი წარმატებული იყო საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მიღწეული იყო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში – მათ შორის უვიზო რეჟიმის წარმატებული იმპლემენტაცია.
ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს.
“საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა და ეს ეუთო-ს ODIHR-მა დაადასტურა. ჩვენ მოხარული ვართ ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
საბჭომ დადებითად შეაფასა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და საჯარო სამსახურის რეფორმა.
ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მიმართულებით.
ასოცირების საბჭო მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას და საქართველოს სავაჭრო რეორიენტაციას ევროკავშირის ბაზარზე.
ასოცირების საბჭომ დაადასტურა საქართველოს, როგორც მთავარი პარტნიორის როლი, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კასპიის ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდების კუთხით, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის თანამფლობელია.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების გზები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეტი ეფექტურობის მნიშვნელობას.
ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის გამო, ასევე ახალგორსა და სოხუმში ე.წ საბაჟო პუნქტების გახსნასა და ცხინვალის რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებულ “რეფერენდუმთან” დაკავშირებით.
სხდომაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან უსაფრთხოების თემაზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი არიან.

 წყარო:kvira.ge
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები