საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოზარის საშუალებით განხორციელებული საუბრისას მხარეებმა „კოვიდით“ გამოწვეული მდგომარეობა და ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ტურიზმის ამოქმედების მნიშვნელობასაც.

„ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და შეთანხმების პროცესში მის როლს გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანია რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.

ესტონეთის პრეზიდენტმა კი, ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„საუბარი შეეხო ბორდერიზაციას, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა და მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. საქართველოს პრეზიდენტი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ვრცლად ესაუბრა ესტონელ კოლეგას.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვისთვის საერთო ფორმატის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია და მის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის სამიტის ორგანიზებას გულისხმობს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება სამიტის ჩატარება.

„საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან კიბერსუფართხოების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ავღანეთის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ავღანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კალიულაიდიმ სალომე ზურაბიშვილს ავღანეთში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის მხრიდან ინვესტირებისა და რეგიონში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები