“საქართველოს შუაგულში გვაქვს რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით”

“საქართველოს შუაგულში გვაქვს რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით”

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ქვეყნის ორ მნიშვნელოვან გამოწვევაზე – ოკუპაციასა და სიღარიბეზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მან პარტნიორებს „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აქვს ორი მტკივნეული გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმისა, ყველა ინიციატივისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს ქვეყანაში. მიუხედავად ყველა პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ძირითადს – ადამიანის უფლებათა გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცირდება ხუთჯერ, ექვსჯერ და ჩვენ ამის გაგრძელების საშუალება არავის უნდა მივცეთ. საქართველოს შუაგულში გვაქვს რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს , „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისათვის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ასეთ დარღვევებს არ მოვითმენთ. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ მივაწოდოთ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების საშუალება; საშუალება, ასევე, მიკრობიზნესის წარმოებისათვის, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. მიუხედავად საქართველოს ისტორიის გადაკეთების მცდელობებისა და ოკუპაციისა, ჩვენ ნამდვილად არ გავხდებით უიმედობისა და დაშინების მსხვერპლი. საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რაც ნიშნავს უფრო მეტ წარმატებას, უფრო აყვავებულ საქართველოს ევროპულ ოჯახში. მზარდი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით გახლავთ სერიოზული რამდენიმე განზომილებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები