საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

საპარლამენტო დელეგაციამ უსაფრთხოების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით, გერმანიაში, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში, შეხვედრები გამართა. 26-28 მარტს, სამი დღის განმავლობაში, კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის შეხვედრისას, აშშ-ის კონგრესის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ესტონეთის, ლატვიის და გერმანიის პარლამენტის წევრებისგან უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტებზე და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მონიტორინგის მიმართულებებზე მოხსენებები მოისმინეს.

მარშალის ცენტრის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: დემოკრატიული სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების გაძლიერება, თავდაცვის სექტორის ზედამხედველობის სტრატეგიული განვითარება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ზედამხედველობის ურთიერთქმედება ლატვიის ეროვნული უშიშროების სტრუქტურის პერსპექტივით, სახელმწიფო საიდუმლოება და სახელმწიფო გამჭვირვალობა, უშიშროების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობა გერმანიის მაგალითებზე.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით, საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას წამყვანი სახელმწიფოების პრაქტიკის გასაცნობად, რათა ქვეყანა ამ მიმართულებით, ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

„სამი დღის განმავლობაში საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ, ჯორჯ მარშალის ცენტრში საინტერესო დისკუსიები გავმართეთ. შეხვედრებზე განვიხილეთ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საქართველოში არსებული ვითარება და ცალკეული ქვეყნების გამოცდილებებსაც გავეცანით. აღინიშნა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ასევე პარლამენტის ძლიერი აპარატი და ამ კუთხით, მომავალში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა თუ ტრენინგი დაიგეგმა, სადაც აშშ- სა და ევროპის ქვეყნების ექსპერტები და პარლამენტის აპარატის წევრები ქართველ კოლეგებს საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში ქართული მხარის ვიზიტი აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. გერმანიაში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, ირაკლი კოვზანაძე და ირაკლი ბერაია დაესწრნენ. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაზვერვის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები