საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში” დღეს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
სკოლა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა გახსნა და მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სკოლის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები ლექციებს მოისმენენ შემდეგ თემებზე: რელიგიის თავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით; რელიგიური ასოციაციები და სეკულარიზმისა და სეკულარობის ცვალებადი ცნებები ევროპის სახელმწიფოებსა და საზოგადოებაში და სხვა.
ამასთან, საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტები და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, ვოშბერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ბილ რიჩი. საზაფხულო სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ, გამართონ იმიტირებული სასამართლო პროცესები.
საზაფხულო სკოლა 13 სექტემბერს დაიხურება და მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ. საზაფხულო სკოლა ტარდება აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) და GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების” პროგრამების ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
