საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ინტეგრაციის გზა გაიაროს-თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნატოს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინია, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოს პროგრესი აისახება, რომელსაც ქვეყანა წლიდან წლამდე განიცდის.
ჩუგოშვილის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის დღევანდელი განცხადებითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ინტეგრაციის გზა გაიაროს.
„გენერალური მდივნის განცხადება მისასალმებელია იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებაში და რეფორმების გატარებაში უახლოეს სამიტზე აისახოს. ზუსტად რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„სამიტთან დაკავშირებით მოლოდინია, რომ პროგრესი აისახება, რადგან ქვეყანას წლიდან წლამდე პროგრესი აქვს. რა ფორმით, ამაზე საუბარი ნაადრევია. მუდმივად არსებობს იმის ამბიცია, რომ ნატოს წევრები გავხდეთ, მით უმეტეს, საქართველო თავის ვალდებულებებს ძალიან აქტიურად ახორციელებს და ინსტრუმენტებიც გვაქვს. პირველ რიგში, პრემიერის განცხადება ჩვენი სურვილი და განცდაა, რომ რეფორმების იმ ტემპით, რომელსაც ვახორციელებთ, წევრობისთვის მზად საკმაოდ მალე ვიყოთ“, –განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.