საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიას მიერ ბრალდების მხარის ადვოკატისთვის გადაცემული 20-21 ივნისის ვიდეოჩანაწერების ნაწილის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიას მიერ ბრალდების მხარის ადვოკატისთვის გადაცემული 20-21 ივნისის ვიდეოჩანაწერების ნაწილის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ბრალდების მხარის ადვოკატისთვის გადაცემული 20-21 ივნისის ვიდეოჩანაწერების ნაწილის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს. აღსანიშნავია ასევე, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე).

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები