საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზუაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზუაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზუაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში წერია, რომ პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები.

“ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე.
დღეისათვის, – იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, – ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები.
პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში.
პირველივე დღიდან სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა.
საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს.
პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, – მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას.
სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ.
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ.
ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში.
იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ.
ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას.
მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს. მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა.
ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ.
დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!” – წერია მიმართვაში

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები