საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის საქმე “ძალიან მძიმე საკითხია”

საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის საქმე “ძალიან მძიმე საკითხია”

საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის საქმე “ძალიან მძიმე საკითხია”. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას მოუწოდა, ფაქტად ნუ მიიღებს “პატიმრის ნასაუბრებს”, რადგან გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა.

“ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა. თუმცა სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა. თავისთავად, ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა. მე მგონი, ჩვენი ხელისუფლების რეაგირება, როდესაც გავათავისუფლეთ კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა არაფრით არ დადასტურებულა, მაგრამ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე.

გამოძიება წინ არის, ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით აზერბაიჯანის სამართალდამცველ უწყებებს, რომ მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია. გამოძიება რა შედეგს დადებს, არავინ შეიძლება იწინასწარმეტყველოს. ამიტომ, მოცემულობად ვერ აღვიქვამ  ბატონი მუხთარლის ჩვენებას” – თქვა პრემიერმა.

ელენე ხოშტარიას კითხვაზე, ამდენი ხნის მანძილზე პასუხგაუცემელი კითხვები არის თუ არა სახელმწიფოს და მთავრობის პრობლემა, გიორგი კვირიკაშვილი პასუხობს, რომ “არის შემთხვევები, როდესაც გამოძიება უფრო დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება”. პრემიერს არ ჰგონია, რომ ამასთან დაკავშირებით, რამე კითხვის ნიშანი დგას სახელმწიფოს წინაშე.

“ნუ წარმოვაჩენთ სახელმწიფო პრობლემად, ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა” – თქვა კვირიკაშვილმა და დაუსრულებელ გამოძიებებთან დაკავშირებით, .ელენე ხოშტარიას მიმართა.

“სია თუ გნებავთ, ქალბატონო ელენე, იმდენი დაუსრულებელი გამოძიება და ჩადენილი დანაშაული გაქვთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება იმ გუნდის მხრიდან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ცოტა უხერხულია.

თქვენ დროს ასეთ რამე რომ მომხდარიყო, დამერწმუნეთ, რომ არც ერთი თანამდებობის პირი არ გათავისუფლდებოდა. თქვენ ვერ შეელიეთ ვერც ერთ თანამდებობის პირს გირგვლიანის მკვლელობის  შემდეგ. და სანამ არ გამოვიდა ნახევარი თბილისი ქუჩაში, ისიც მოსაჩვენებლად არ ჩასვით და არ დააპატიმრეთ ის ადამიანები, ვინც გარეულები იყვნენ ამ საქმეში და რას მეუბნებით ახლა თქვენ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ორი უმაღლესი ჩინის ადამიანი გათავისუფლდა და აიღეს პასუსისმგებლობა, მეტის მოთხოვნა ნამეტანია” – თქვა პრემიერმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლიმ კურიერთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილს “მოკითხვა” გადასცა. მისივე შეფასებით, აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესი სპექტაკლია.

“საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა.” – თქვა მუხთარლიმ,

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები