საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას განცხადებით ეხმაურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას განცხადებით ეხმაურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას განცხადებით ეხმაურება.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე ზრუნვა.
„დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პლურალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში, შესაბამისად, გამორიცხავს ავტოკრატიას.
ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში – საკონსტიტუციო კომისიას, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, ყველას, ვინც მონაწილეობდა საყოველთაო განხილვებში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვენეციის კომისიას, პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მთელ ამ პროცესში და ძალიან დადებითი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე.
2013 წელს უკვე გადავდგით ნაბიჯები საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისა და პარლამენტის როლის გაზრდის მიმართულებით. კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა და პარლამენტს არ ჰქონდა რეალური ბერკეტი, არ მიეღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
ეს ტენდენცია გაგრძელდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესშიც. ჩვენ, მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება, წავედით ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყანას ჰქონოდა დაბალანსებული კონსტიტუცია და გადავსულიყავით სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე.
მოგეხსენებათ, ახალ რედაქციაზე მუშაობისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვა. საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.
საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარი ვუთხარით წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას – კონსტიტუცია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და კონკრეტულ პერსონებზე მოგვერგო.
დღეიდან ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომლითაც დაბალანსებული და გადანაწილებულია პასუხისმგებლობა ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტს აქვს ბუნებრივი როლი და წონა; გამარტივებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, პრეზიდენტს აქვს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; გარდამავალ დებულებებში ასახულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. ამას გარდა, გათვალისწინებულია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ამავე დროს, პოლიტიკური კონსენსუსისთვის გადაიდგა.
სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე აისახა დოკუმენტში ის, რომ 2024 წლიდან ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. ჩვენ, კონსტიტუციის განხილვების პროცესში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ბარიერი დაიწევს 5-დან 3 პროცენტამდე. ამავე დროს, ერთჯერადად შენარჩუნდება საარჩევნოდ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა.
მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ყოველთვის იყო, თუმცა რეალური და ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა.
ასევე, ბოლო ცვლილებებით გაუქმებულია ბონუსების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. ეს ცვლილებები გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ დაბალანსებული კონსტიტუციის მიღებით. ეს უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინსვლის წინაპირობა და გარანტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები