”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის სამივე დეპუტატმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა წინააღმდეგ მისცა. ირმა ინაშვილის განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

”პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა “წინააღმდეგ” მისცა! ჩვენი ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო: მე, გიორგი ლომია (შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტიად) და ზაზა მიქაძე. შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიგვიღია მონაწილეობა. ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით – რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია. რეზიუმე – ჩვენ არა ბოკერიას დღის წესრიგით, არამედ განსხვავებული სტრატეგიით გავაპროტესტეთ ძალადობა კონსტიტუციაზე. ეს ერთი! მეორე და საინტერესო: რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე სამივე დეპუტატმა კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხაზს ვუსვამ – წინააღმდეგ! მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა, რატომღაც, ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ, სამივე დეპუტატმა იგივე, უარყოფითი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა მედიასთან. თუ თეორიულად რომელიმე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, საჯაროდ როგორ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას? რაც აბსუდია.

გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ. მორიგჯერ ვაფიქსირებ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოზიციას: პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩემი სახით, დგას პარლამენტის შენობის წინ და აპროტესტებს საკონსტიტუციო უზურპაციას! სწორედ საარჩევნო დიქტატურის დამყარებაა მოშიმშილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი! ფრაქციის სამმა დეპუტატმა სხდომაზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა! სამმა დეპუტატმა, მათ შორის მე, ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და სხდომას არ დაესწრო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები