თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი (გოგი) მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმის ცნობით, გამოფენა მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
„გოგი მერმანიშვილი მოქალაქეობრივი და ეროვნული მრწამსით გამორჩეული ხელოვანი იყო, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ხშირად მოგზაურობდა. მხატვრის განცდები, მისი სიყვარული სიცოცხლისადმი ნათლად აისახა მის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებში.
გოგი მერმანიშვილის შემოქმედება პოზიტიური, ჰუმანური საწყისის მატარებელია, რაც თავიდანვე ქმნის მხატვრის სამყაროსადმი დამთვალიერებლის განწყობას. ის მუდამ აქტიურად ცდილობდა აეთვისებინა სხვადასხვა ტექნოლოგიები. ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. მისი ნამუშევრები ხასიათდება მშვიდი, ერთიანი ტონალობითა და თემატური პირდაპირობით.
გოგი მერმანიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართება და ეძღვნება მხატვრის ხსოვნას“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.
გამოფენა ხვალ, 18:00 საათზე გაიხსნება და 24 სექტემბერამდე გაგრძელდება.