საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის ხსოვნას პატივი მიაგეს

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის, გიორგი აფხაზის ახლად აღმოჩენილი საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს ქართველი დიპლომატის ხსოვნას.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

აღსანიშნავია, რომ გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა.

საფლავი მოძიებულ იქნა ქართველი ისტორიკოსის, გიორგი კალანდიასა და 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულის, ნენო გაბელიას ძალისხმევით.

ახლად აღმოჩენილი საფლავი რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ამასთან, 26 ნოემბერს რომში ასევე გაიმართა გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენა.

ღონისძიება, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევრის, ნენო გაბელიას მიერ იყო ორგანიზებული, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა Coro Polifonico Musica Cretor-მა, ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები