საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით დღეს ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით დღეს ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ასოცირებული ტრიოს სურვილია ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან, ასევე გააქტიურდეს სექტორული თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

„როგორც მოგეხსენებათ, ასოცირებული ტრიოს ფორმატი გასული წლის მაისში კიევში დაფუძნდა. მას შემდეგ პირველი ვიზიტი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეს არის მეორე, უფრო მაღალი დონის ვიზიტი პრემიერ-მინისტრების ფორმატში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობაზე, რასაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციას ვანიჭებთ. ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება. როგორც იცით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ბრიუსელში ხვალ დაგეგმილ შეხვედრას, ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული ის პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები, რაც ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს აქვთ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით.

ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ვიხილოთ საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ვიხილოთ მხარდაჭერილი ის ძირითადი პრინციპი, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ასევე ასოცირებული ტრიოს სურვილია ჩვენ გვქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან, ასევე გააქტიურდეს სექტორული თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში იყოს ადეკვატურად შეფასებული და ვიხილოთ კონკრეტული შედეგები საბოლოო დეკლარაციაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები