საქართველო შეუქცევადად მიიწევს წინ და ახალ წარმატებებს აღწევს-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო შეუქცევადად მიიწევს წინ და ახალ წარმატებებს აღწევს-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო შეუქცევადად მიიწევს წინ და ახალ წარმატებებს აღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები – ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და საბოლოოდ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც, უვიზო მიმოსვლის გარდა არის მნიშვნელოვანი ნდობა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლახან მიღებული კონსტიტუცია, დემოკრატიის სხვა ხარისხს ამყარებს ქვეყანაში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ადამიანი იყოს უფრო მეტად დაცული, რომ ყველა ადამიანის პოტენციალმა შეძლოს, იპოვოს გზა და ყველა ადამიანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება.
მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.
„ეს გარდატეხა უპირველესად აისახა ადამიანის უფლებების სულ სხვა ხარისხით დაცულობაში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების სხვა წინაპირობების შექმნაში, რაც პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების დაცულობას და ადამიანის თავისუფლების სხვა ხარისხს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა რეგიონების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების ახალი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაზე ისაუბრა, ყოფილ რწმუნებულ გივი ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადა და ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ არჩევნებში წარმატებები უსურვა.
პრემიერმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია.
„სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო“, – აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები