საქართველო ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

საქართველო ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-2016 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.
AAWE – „ღვინის ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია” პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $).
საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3.41 $), არგენტინა (3.11 $), პორტუგალია (3.07 $), გერმანია (3.06 $), იტალია (3.06 $)და ა.შ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
„მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან ერთად, იზრდება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე. ამ მდგომარეობის მიღწევას კი წინ უძღვოდა ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებული, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები”,- აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები