საქართველო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ზრდის

საქართველო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ზრდის

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა  ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD). მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში. მათივე ცნობით, აღნიშნული მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საშუალებით, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღების და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღებაში.
“პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში”, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები წარმატებით დასრულდა.
„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის” შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს”, – განაცხადა ფინანსთა მინსტრმა ივანე მაჭავარიანმა.
დარეგულირებასა და პრივატიზაციაზე მიმართულმა ფართომასშტაბიანმა მარეგულირებელმა და საბაზრო რეფორმებმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დარგის სუბიექტების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებას. გატარებული რეფორმების შედეგად ენერგოსექტორი გამოვიდა თითქმის სრული ოპერაციული და ფინანსური კოლაფსიდან და ახლა წარმოდგენილია ადეკვატური ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიებით, რომლებიც ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფენ. მარეგულირებელი ჩარჩო ზოგადად მტკიცეა, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები. პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მათ გადაწყვეტაში ენერგეტიკის სფეროში არსებული სტრატეგიის შესაბამისად.
ცნობისთვის, პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან (2019 – 2022 წწ.) და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) დადგენილი მიზნების შესრულებაში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები