საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.
“ქართველებს გვჯერა, რომ კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი – მშვიდობა და თავისუფლება შეიძლება შევინარჩუნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს ვცემთ დემოკრატიისა და ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მხრიდან მშვიდობისა და თავისუფლების ღირებულებების ურყევ ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც ერის პროგრესისთვის. ჩვენი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ ეფექტიანი რეფორმების განხორციელების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების, თავისუფალ სამყაროში ინტეგრირების და, საბოლოოდ, ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით. საქართველოს წარმატების ისტორია ნათლად ცხადყოფს, რომ ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატიული კონსოლიდაცია, ღიაობა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობა და სტაბილური პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე – ყოველივე ეს წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის გზას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს; ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.
“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.
“ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის სარგებელი ეჭვგარეშეა. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამ ისტორიულმა მომენტმა საქართველო მნიშვნელოვნად დააახლოვა ევროპასთან. უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლას ბიზნესმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ ევროპაში და თავად იხილონ ევროპელთა მიღწევები, კეთილდღეობა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კეთილგანწყობილი გარემო – ანუ, სამყარო, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია.
“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევანისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები