საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება კანონი ერთ პირსა თუ პარტიას მოერგოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

“პროექტში წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტიაც იღებს, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით. ვფიქრობ, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ფრაქცია არ არის წარმოდგენილი პარტიით. არის ის, რომ ფრაქციაში არის პარტიის ერთი წევრი. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი მთლად სწორად ჩამოყალიბებული არ არის. არ შეიძლება, პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ. როდესაც ასეთი კანონები შემოდის, გამომდინარე იქედან, თუ რამდენად სასარგებლოა სახელმწიფოსთვის და მისაღებია ყველასთვის, პარლამენტის ნებისმიერმა წევრმა თავის შეხედულებისა და სინდისის მიხედვით უნდა მისცეს ხმა”, – თქვა რევაზ არველაძემ.

პროექტის ინიციატორის ავტორი გია ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონი იძლევა შესაძლებლობას, ფრაქციები აბსოლუტურად არასამართლიანად შეიქმნას.

პირველი დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით ჯერ ჩააგდო, ხოლო შემდგომ საკითხს ხელახლა უყარა კენჭი და განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე 81 ხმით მიიღო.

30 ნოემბერს პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 

ცვლილების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: – “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.

საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გია ჟორჟოლიანსა და სიმონ ნოზაძეს ეკუთვნის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები