„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ, რომ მომხდარიყო დღეს ცხედრის გადმოცემა“-ახალგორის რაიონის გამგებელი

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ, რომ მომხდარიყო დღეს ცხედრის გადმოცემა“-ახალგორის რაიონის გამგებელი

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ, რომ მომხდარიყო დღეს ცხედრის გადმოცემა“, – ამის შესახებ ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ტატუნაშვილის ოჯახის მონახულების შემდეგ განაცხადა.
გამგებელმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ ცხინვალში დღევანდელი ვიზიტიც შეაფასა.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ, რომ მომხდარიყო დღეს ცხედრის გადმოცემა. ჩვენ გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება, შურისძიება. კაცი მოკლეს და მკვდრის წამებასაც განაგრძნობენ და არა მხოლოდ მიცვალებულის, არამედ მთელი ქვეყნის დაცინვაა, ცინიზმია და მეტი არაფერი“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ამასთანავე, თინიკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ომის დროს დაკარგული სამი პირის გადაცემის მოთხოვნაზეც ისაუბრა. „ამ სამი დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ახლა მოვისმინეთ, აქამდე მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ გაჟღერებულა და ცნობილი არ ყოფილა, საიდან მოიტანეს. მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ იმისათვის, რომ რამენაირად გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა და შემდეგში ვერ მოხდეს რეალური მიზეზის დადგენა. ამ ეტაპისთვის ოჯახს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს, ცხედრის მიღება და დაკრძალვა ქრისტიანული წესით, საერთოდ აღარ აინტერესებთ, რით და როგორ გარდაიცვალა, ადამიანი ცოცხალი აღარ არის და ის ვერასოდეს გაცოცხლდება“, – აღნიშნა გამგებელმა.
თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საწინააღმდეგო აქციაზე სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების გამოყვანა მათში ეთნიკურად ქართველების მიმართ აგრესიის გაჩენას ემსახურება და ეს მიუღებელია. ცნობისათვის, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იყო. ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდნენ. ბიბილოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეუძლიათ და ექსპერტიზას ატარებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები