“სამშენებლო ბიზნესში სტანდარტების უზრუნველყოფა პირველი რიგის პრობლემაა და ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას” – ხატია მოისწრაფიშვილი

“სამშენებლო ბიზნესში სტანდარტების უზრუნველყოფა პირველი რიგის პრობლემაა და ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას” – ხატია მოისწრაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა, მედიას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

,,პრეზიდენტის დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აუცილებელია საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება ამ თემის ირგვლივ. სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მწვავე და სერიოზული გამოწვევაა, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს შემოვიდნენ ჩვენს საზოგადოებაში, რომ საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სწორედ ეს არის ევროპელობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში აუტისტური სპექტრის მქონე პატარებს უმასპინძლებს”, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს 31 მარტს, თბილისში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული 2 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქმის წარმოებისას უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დარღვევის გამო, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,ევროპაში ინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანებაა, არამედ, პირველ რიგში, ეს ევროპული სტანდარტების, მათ შორის, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვაა – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა ზოგადად და მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, პირველი რიგის პრობლემაა და ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას”, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრესსპიკერის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში, ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატზე 400-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები