სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა

„მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელსაც, წლების განმავლობაში, საქართველოს მიმართ იჩენთ“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დენ ბელენს, ჰოფბურგის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ავსტრია, რომელმაც თავად გამოსცადა ოკუპაცია, დღეს მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„მადლობა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავად განიცადა, თუ რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის იმედისმომცემია, რომ ხართ ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, ეს სირთულე გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირიდან. ეს ნიშნავს, რომ წინ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და, რაც მთავარია, დიდი იმედია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან კოლეგას მადლობა გადაუხადა კოვიდპანდემიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისა და ვაქცინების დოზების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის.

„ეს სიმბოლური ნიშანია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა გადალახული“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში 13 ოქტომბერს დასრულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები