სალომე ზურაბიშვილი – ვისურვებდი, წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება, იმედიანად ვარ

სალომე ზურაბიშვილი – ვისურვებდი, წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება, იმედიანად ვარ

ვისურვებდი, წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება. იმედიანად ვარ, რადგან ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია პრეზიდენტის სასახლეში მოსვლა და ერთმანეთთან საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს ბედნიერი ახალი წელი უსურვა.

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ – კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა…

მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ, კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი გამარჯობა.

მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. თქვენი იმედი მაქვს და დაგელოდებით. მჯერა, ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი.

მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მაინც მაქვს იმედი.

მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება, ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა, თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, რადგან ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი.

მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში.

ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს. ილიასი არ იყოს, ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან, გადავიჩეხებით“.

ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო… ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს. უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები!

ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ, რომ ერთმანეთის მოსმენით, საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო – არა! ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: – რით გაგახაროთ?

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება! იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები