სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს

“თავდაცვის ძალებისთვის იწყება ახალი ეტაპი განვითარების, გაძლიერების და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა მნიშვნელოვანია, რადგან მას თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება ევალება.

„დღეს ქართული ჯარისთვის დგება მეტად მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების დღე. ეს ნიშნავს, რომ იწყება თავდაცვის ძალებისთვის ახალი ეტაპი განვითარებისა, გაძლიერებისა და რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია და, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობისა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას დღეს კიდევ, როცა დღეს კიდევ დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება. ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და, რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ.

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში.

ამ დღევანდელ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც თავდაცვის მეთაურის თანამდებობაზე მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა სახელმწიფოს.

დღეიდან კი უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს. მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანლობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები