სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს – ფოფხაძე

სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს – ფოფხაძე

ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეეგუება ისეთ რეალობას, რომელშიც 2012 წლამდე გვიხდებოდა ცხოვრება“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად გამოიარა ტერორი, „საკნების აქციები“ და ის არასდროს იყო ჩვენგან შორს. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი გაგრძელება იქნება მისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის პოსტზე. საქართველოს სჭირდება ასეთი პრეზიდენტი“,-აღნიშნა მან.

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვისას ყურადღება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პერიოდზე გაამახვილა და იპოდრომზე მისი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„მახსოვს 2006 წელს გამართული შეხვედრა, როდესაც ქალბატონი სალომე ოპოზიციაში ახალი გადასული იყო. ჩამოსული გახლდათ ბორჯომში. იმ შეხვედრას ჩვენთვის ძალიან იმედიანი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს იყო ახალი ტალღა ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით იყო აღჭურვილი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და ჰქონდა ძალიან დიდი პორფესიული ღირსებები, მაშინ გადაუდგა სააკაშვილის რეჟიმს.ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია, რომ არის რესურსი ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის“,-დასძინა მან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები