სახელმწიფო ყოველთვის მზადაა თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე-ვოლსკი

სახელმწიფო ყოველთვის მზადაა თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე-ვოლსკი

„არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის, არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მით უმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თვითონ ბიზნესიც არ არის დაინტერესებული წარმოების გაჩერებაში და თუ გადახდა დაიწყო, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.

„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მით უმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს. ასე რომ, მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება” ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, „ომეგას“ წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და ამით სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.

„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო,  რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა “ომეგა ჯგუფის” ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს“, – მიიჩნევს გია ვოლსკი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები