სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეხმიანება დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეხმიანება დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეხმიანება დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც რომელშიც ანზორ ჩუბინიძე არის ნახსენები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს პირადი ურთიერთობა აკავშირებს ბევრ ადამიანთან, მათ შორის ლევან ყიფიანთან და, შესაბამისად, არაფერია სკანდალური იმაში, რომ მათ შორის არსებობს კომუნიკაცია.

რაც შეეხება დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსს, სრული აბსურდია რაიმე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი. ამ თემაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,” – აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა.

12 სექტემბერს პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.

ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიამ“ გამოაქვეყნა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია“. არხი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები