საგარეო უწყება: დღეისთვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია

საგარეო უწყება: დღეისთვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია

„აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ინიციატივის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპულმა ექვსმა პარტნიორმა ქვეყანამ – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, საფუძველი ჩაუყარეს “აღმოსავლეთ პარტნიორობას” ინიციატივას.
​საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნულმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის როგორც ცალკეული ქვეყნების ინდივიდური მისწრაფებების განხორციელების გათვალისწინებით, ასევე – რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„ამ ათი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევით რეგიონში შეიქმნა უამრავი ახალი შესაძლებლობა, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების, ხალხთაშორის კავშირების გააქტიურების, ასევე – ურთიერთკავშირების გაძლიერებისთვის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროებში და სხვა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, რაც ჩვენი ქვეყნისა და ევროპელი მეგობრების საერთო ძალისხმევით ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ დღეისთვის საქართველოს ამოქმედებული აქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ გახსნილი თითქმის ყველა შესაძლებლობა.
„მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნია ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა; გაღრმავებული სექტორული თანამშრომლობა; ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართვა და ა.შ. შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის ისეთი უნიკალური ფორმატები, როგორიც არის უმაღლესი დონის დიალოგი და უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი.
ამ მიღწევებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც – დღეს.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მრავალმხრივმა პროცესმა განაპირობა უამრავი პოზიტიური ცვლილება და დღესაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციასთან, საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნასთან“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების შეფასებით, განხორციელებულმა კომპლექსურმა რეფორმებმა, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრებამ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვამ და ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის” წარმატების მაგალითად აქცია.
​სამინისტრო ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ისევე, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის” ინსტრუმენტები ეხმარება მთავრობას, შექმნას ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის. უწყების შეფასებით, ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელშესახები შედეგები, რაც უკვე მოიტანა პარტნიორობამ. სამინისტრო განსაკუთრებით ხაზს უსვამს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.
„ამ გადაწყვეტილებას, პრაქტიკული დანიშნულების გარდა, აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა და წარმოადგენს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უკვე ისარგებლა ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და მომავალშიც უამრავი ქართველი ისარგებლებს ამ სიკეთით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყება საქართველოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და განვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამას ხელს უწყობს ევროკავშირში ინტეგრაცია და და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინსტრუმენტები.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის იმპლემენტაციით საქართველომ შეძლო ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესის/მეწარმეობის განვითარება, ახალი ბაზრების ათვისება და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. შედეგად, დღეისთვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, უწყების შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით, ისე – უსაფრთხოების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერების გზით, მათ შორის – ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლით უსაფრთხოების სექტორის რეფორმით და ა.შ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა” უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთკავშირის განვითარებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, რაც, თავის მხრივ, ევროპასა და აზიას შორის ახალი, ალტერნატიული მარშრუტების შექმნასა და საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირების განვითარებას უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T), რომლის საინვესტიციო პაკეტში საქართველო 18 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით არის წარმოდგენილი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ შექმნა უნიკალური შესაძლებლობები ხალხთაშორისი კონტაქტების და საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების შორის კავშირების განმტკიცებისთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელიც გასულ წელს თბილისში დაფუძნდა და წარმოადგენს პლატფორმას ახალგაზრდების დაახლოებისა და მათთვის ევროპული სტანდარტების განათლების მიღებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირის „ერასმუს+-ის“, „შემოქმედებითი ევროპის“, „ჰორიზონტი 2020“ პროგრამებში ჩართულობას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, საქართველო მაქსიმალურად ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომ წარმატებას. საქართველო მიესალმა და უერთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის საზეიმო აღნიშვნას. სწორედ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება მიმდინარე წელს დაგეგმილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია.
„დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების მნიშვნელოვან მიჯნაზე ვიმყოფებით, ჩვენ ყველამ ერთად – ევროკავშირმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა რეალისტურად უნდა შევაფასოთ, თუ რას მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში და დავგეგმოთ 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის განვითარების მომავალი და ახალი ეტაპები, რომელიც ინკლუზიურობასთან ერთად დაფუძნებული იქნება დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის” პრინციპებზე და სრულად გაითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების ინდივიდურ მისწრაფებებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები