საგადასახადო ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ მან რეალურ საქმიანობაში ჰპოვოს ასახვა-დემურ გიორხელიძე

საგადასახადო ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ მან რეალურ საქმიანობაში ჰპოვოს ასახვა-დემურ გიორხელიძე

საგადასახადო ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ მან რეალურ საქმიანობაში ჰპოვოს ასახვა – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორხელიძემ მთავრობის ახალი საგადასახადო ინიციატივები შეაფასა.
„საგადასახადო ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ მან რეალურ საქმიანობაში ჰპოვოს ასახვა, ამიტომ თქმა იმისა, რომ ეს საგადასახადო შეღავათები ორ-სამ თვეში პრინციპულად შეცვლის სიტუაციას, ასე არ ხდება, თუმცა გათვლა შეიძლება იყოს კარგი, იმიტომ, რომ საგადასახადო თვალსაზრისით, რაციონალიზაციამ მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ, საქართველოში საგადასახადო კოდექსი არ წარმოადგენს პრობლემას ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ ნებისმიერი ცვლილებები, რომელიც საგადასახადო კოდექსში იქნება შეტანილი, თავისთავად არ არის იმისი გარანტი, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური გარემო, არამხოლოდ ინსტიტუტების, არამედ თამაშის წესების თვალსაზრისით. ამიტომ რაღაც ეპიზოდური და ცალკეული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაიმე არსებით გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე“, -განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმები.
დღგ-ისგან გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით, იმპორტიორს უფლება ეძლევა დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება 90 დღის განმავლობაში.
სრულად გათავისუფლდება აქციზისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები.
2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის – ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები