საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრი დათმობის მერე, ჩვენ კიდევ გამოვხატეთ დათმობებზე წასვლის სურვილი-თამარ ჩუგოშვილი

საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრი დათმობის მერე, ჩვენ კიდევ გამოვხატეთ დათმობებზე წასვლის სურვილი-თამარ ჩუგოშვილი

ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადადგა და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა.

“მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი გასწია მმართველმა გუნდმა, ძალიან ბევრი საკითხი დათმო ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები, ძალიან ბევრი საკითხი დააყენა ოპოზიციამ, გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა იმ პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი. პირველი ცვლილება შეეხება ე.წ ბონუსის სისტემას, რომელსაც ოპოზიცია ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდა. შესაბამისად, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ოპოზიციის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ბლოკების დაშვება იყო. ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, კონსტიტუცია რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით შეიცვლება.

”ვინაიდან პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია, მესამე მოსმენის სტადიაზე ასეთ მნიშვნელოვან შინაარსობრივ ცვლილებებს დოკუმენტში ვერ შევიტანთ. მივყვებით პროცედურებს და ინიცირებას გავუკეთებთ ახალ პროექტს, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები.

”მთელი ამ პროცესის განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციულ პოზაში და ამ პოზაში დგომას გააგრძელებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობის მერე, კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია კი იყო დესტრუქციული“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები