საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა-მამუკა ხაზარაძე

საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა-მამუკა ხაზარაძე

„ქართული საბანკო სისტემა  ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა  არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში“,- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზრაძის თქმით, ქართულმა საბანკო სისტემამ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი  შემოიტანა და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში.

„ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის დამფინანსებელი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემაა და  არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები.

„არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდები, რომელიც იმედია, შეიქმნება მიმდინარე რეფორმების შედეგად.  ამ ეტაპზე,  ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.  მარტო  „თი-ბი-სი“ ბანკის მონაცემებით, სამ მილიარდ ნახევარი ლარი  გვაქვს ინვესტირებული. მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში ამ პროცესს ვაგრძელებთ.

აღსანიშნავია ისიც,  რომ საბანკო სისტემა  ძალიან სენსიტიურია.  თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, ეს ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, რასაც დღეს  საქართველოში 20-ზე მეტი ადგილობრივი ბანკის არსებობაც ადასტურებს. აქედან ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან მოზიდული ჰყავს მაღალი კლასის ინვესტორები და ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში.  ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები.

საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ  ყველაფრის დაფინანსებას”, – განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები