სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ ცნო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზაურ მაკარაძის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები.

“საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ზაურ მაკარაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში.

2012 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მდებარე გადასასვლელ ხიდთან, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში. ზაურ მაკარაძეს წარედგინა ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა N8 საპყრობილეში. საპატიმროში მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ ზაურ მაკარაძეს გამოძიების წინაშე ეღიარებინა და დაეწერა, თითქოს ის აპირებდა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხელყუმბარის აფეთქებას, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბრის განაჩენით ზაურ მაკარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საპატიმროდან ზაურ მაკარაძის გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში მოხერხდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იგი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად.

ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ზაურ მაკარაძე ისე დააკავეს, რომ მის მიმართ გამოძიებაც არ იყო დაწყებული და მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიქმნა ყალბი მტკიცებულებები, რაც შემდგომ გახდა მისი მსჯავრდების საფუძველი. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ზაურ მაკარაძის მხრიდან საბრძოლო მასალის ფლობის ან ტარების ფაქტს.

აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 50 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 14 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები