„სააკაშვილს მსჯავრი არა პატიმრების შეწყალებისთვის, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაედო“-მდინარაძე

„სააკაშვილს მსჯავრი არა პატიმრების შეწყალებისთვის, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაედო“-მდინარაძე

„სააკაშვილს მსჯავრი არა პატიმრების შეწყალებისთვის, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაედო“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტისა და ოპონენტების გუშინდელ განცხადებას.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განსაკუთრებულად გამაოგნებელია, როდესაც განაჩენს იურისტები აკრიტიკებენ. .
„იცავენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იდგა იმ დანაშაულებრივი სისტემის სათავეში, რომელმაც სცადა, გირგვლიანის საქმე ჩაეფარცხა და ამ კომენტარებით უპირისპირდებიან როგორც ქართული სასამართლოს, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ გაოგნებულია იმ სისტემური დანაშაულით – მათ შორის შეწყალებაზეც იყო საუბარი, რომელიც მოხდა საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს „ვიღაც პრეზიდენტს ასამართლებს შეწყალების გამოყენების გამო“.
„რეალურად, საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. იმ ლოგიკას რომ გავყვეთ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ავითარებენ, გამოდის, რომ მაგალითად, თუ პრეზიდენტმა აიღო ქრთამი და ამის სანაცვლოდ შეიწყალა კონკრეტული მსჯავრდებული, ეს არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.
ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისათვის პასუხისგების აცილების მიზნით, სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულს, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები