“სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება”

“სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება”

ეს არის სამარცხვინო ადამიანი, მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მის გამო მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

„სათანადო მოპყრობა და მკურნალობა-ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სხვა რა უნდა გავაკეთოთ? რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ? სასაცილოა არა?! 47% ავიღეთ, შანტაჟზე წამოვიდნენ. 46% ავიღეთ, კიდევ შანტაჟზე მოდიან. რამდენჯერ უნდა გავიმყაროთ ჩვენი ლეგიტიმაცია, რომ შანტაჟი შეწყვიტონ. მარტივად არის საქმე. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს იგივე ადამიანი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეში აყენებდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო. ეს არის ერთადერთი კაცი – მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც არა მხოლოდ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხდებოდა, არამედ დღესაც, როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობენ. მიხეილ სააკაშვილი თითოეული მათგანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ეს არის სამარცხვინო ადამიანი, მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ლოიალურობაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, საერთოდ არ დასჭირდება არანაირი მკურნალობა, გარდა იმისა, რომ მან დოზირებულად უნდა მიიღოს საკვები.

„ყველამ კარგად იცის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, არავითარი მაღალტექნოლოგიური ჩარევა არავის სჭირდება. გარდა ამისა, ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელსაც აქვს მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციის განცხადებები ფარსია.

„როდესაც ადამიანი ცდილობს, მარტივად მოგატყუოს და გეუბნება, იმის გამო არ წყვეტს შიმშილობას, რომ შიმშილობის შემდეგ მკურნალობა სჭირდებაო, ეს ისეთი აბსურდის თეატრია, საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და ხვდება. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი იმ მხარდამჭერებსაც კარგავენ, რომელიც შეიძლება მანამდე ჰყავდათ“,-განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები