„რუსთავი 2“-ზე ტყუილია გავრცელებული – მსგავსი რამ მე არ მითქვამს

„რუსთავი 2“-ზე ტყუილია გავრცელებული – მსგავსი რამ მე არ მითქვამს

„რუსთავი 2“-ზე ტყუილია გავრცელებული – მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეს სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ,  თითქოს ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებას მოუწოდა, ტყუილს ნუ გაავრცელებს. მისი განცხადებით, ბილწსიტყვაობა არის „რუსთავი 2“-ის და მისი დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელწერა.

„ნიკა გვარამია „ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით  მოქმედებს. ცხოვრებაში არ მითქვამს არც ეგ სიტყვა და არც სხვა სიტყვები, რომლებსაც თქვენი პარტიული ტელევიზიის დირექტორი იყენებს. ბილწსიტყვაობა არის თქვენი პარტიის ხელწერა და აქედან გამომდინარე, სხვას ნუ დააბრალებთ იმას, რაც არის თქვენი ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

“რუსთავი 2”-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან პირად საუბარში ოპოზიციის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ დილით პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო, ანრი ოხანაშვილს ოპოზიციამ ტრიბუნის გამოყენების უფლება არ მისცა, მათ ტრიბუნებზე მუშტების და ხელების დარტყმა დაიწყეს. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შესვენება გამოაცხადა. პარლამენტში სხდომა 14:00 საათზე განახლდა.

დღეს პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე აისახა. თუმცა ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი ცრუობს, როცა ამბობს, რომ პროექტში რეკომენდაციები გაითვალისწინეს. დავის საგანს წარმოადგენს საკითხი, უნდა ჩააბარონ თუ არა გამოცდები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებმა.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები