“რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს”-ირაკლი კობახიძე

“რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს”-ირაკლი კობახიძე

“რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევაში, (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას, არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.
“დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე, ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და წამების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფორუმზე, რომლის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტთა და ლტოლვილთათვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის გადაწყვეტის საჭიროება“, პარლამენტის თავმჯდომარემ მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დარბაზში, რათა განვიხილოთ მსოფლიოს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკისა და საკანონმდებლო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ასპექტები – მიგრაცია და ლტოლვილთა საკითხები. მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ კოორდინირებული მიდგომა ამ საკითხებისადმი გლობალურ დონეზე, რადგან საბოლოოდ, ეს გახლავთ პოლიტიკის ის ჰუმანიტარული მხარე, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის არსისა და პირობების იმ ფორმას, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი.
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უფრო ეფექტურ კოორდინაციას ყველა დონეზე, რათა გაუმჯობესდეს ეროვნული შეთანხმებულობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ხარისხი და ასევე, გლობალურ ქმედებათა დინამიკა, რათა მივაღწიოთ უფრო ხელშესახებ მიზნებს ათასობითა და მილიონობით მიგრანტთა და ლტოლვილთა ცხოვრების გაუმჯობესების პროცესში მსოფლიოს მასშტაბით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის მონაწილეებს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ეფექტური მართვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული სტრატეგია წარუდგინა.
„ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რა გავლენას ახდენს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. 25 წლის განმავლობაში, საქართველო მუდმივად იდგა იმ 280 ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უზარმაზარი პრობლემის წინაშე, რომლებიც გამოიხიზნენ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან. ქართველთა და სხვა ეროვნების ადამიანთა პირველი ტალღა მასობრივად იქნა გამოძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაკარგა კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე 1990-იანი წლების დასაწყისში. ეს ტერიტორიები უკანონოდ და ძალისმიერად იქნა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რამაც გამოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა რაოდენობის საგრძნობლად გაზრდა, და იმავდროულად, კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში.
„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალის ციხეში; ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას. მეტიც, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას, აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს, არამედ, სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან. აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს.
ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდენ სახლებში, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობასა და საკუთრების უფლებებს,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წელს, გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპების მიღების 20 წლისთავი აღინიშნება. მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა უბიძგოს სახელმწიფოებს, რომ ამ გამოწვევების კომპლექსურობისა და მასშტაბის შეფასება საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ მოხდეს.
„2018 წელს ჩვენ აღვნიშნავთ გაეროს იძულებით გადაადგილებულთა თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპების მიღების 20 წელს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაღვიძოს ყველა სახელმწიფო, რათა მოხდეს ამ პრობლემის კომპლექსურობისა და მასშტაბის შეფასება საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ. ბუნებრივია, საქართველო ზუსტად ამგვარად იქცევა.

„ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტების აღიარებისა და ასევე, სერიოზული პრობლემების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა იმ მწვავე და გადაუდებელი საკითხების გადაჭრის ეფექტური მექანიზმი, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან და ასევე, საერთაშორისო მიგრანტებთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ იმ ეფექტურ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით შეიმუშავა და რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ.
„პარლამენტი ყოველთვის ასრულებდა და დღესაც ასრულებს გადამწყვეტ როლს ამ პროცესში. საკანონმდებლო პროცესების გზით, საქართველოს პარლამენტმა შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც წარმოადგენენ ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის. სახელდობრ, 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საერთაშორისო დაცვის თაობაზე, რომელიც ჟენევის კონვენციისა და ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, აწესრიგებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, დარჩენისა და მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს.
ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, თავშესაფრის პროცედურებზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო მაინც განაგრძობს ათასობით საერთაშორისო მიგრანტთა მიღებას. 2015 წელს საქართველომ 1,449. 2016 წელს – 947, ხოლო 2017 წელს – 951 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. დღესდღეობით, საქართველოს ჰყავს 1477 საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელთაგან 450 ლტოლვილია, ხოლო 1.027 კი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად და საქართველოს მიერ ინსტიტუციონალური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება ევროკავშირის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
„ოცი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველო ძირითადად იყო საერთაშორისო მიგრაციის წარმოშობის ქვეყანა, დღეს იგი ასევე არის მიმღები ქვეყანა. ჩვენ გვესმის და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ამ ორივე ჯგუფის ქვეყნების წინაშე. ამის საპასუხოდ, საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად. საქართველოს მიერ ინსტიტუციონალური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირის მიერ, რამაც ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიჭებას საქართველოსათვის ევროკავშირის ზონაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ მიგრაციისა და ლტოლვილთა თაობაზე შექმნილი ძლიერი, მოქნილი და ეფექტური მექანიზმის, მიგრაციის საკითხების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება უფლებამოსილი და პასუხისმგებელია მიგრაციის პოლიტიკის შექმნაზე, დაგეგმარებაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე და სათანადოდაა აღჭურვილი, რომ გლობალური და ეროვნული მასშტაბის თანამედროვე გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„მთავრობამ მიგრაციისა და ლტოლვილთა თაობაზე ეროვნული პოლიტიკის ყველა დონეზე – ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე გასატარებლად, შექმნა თანამედროვე, ძლიერი, ყოვლისმომცველი, მოქნილი და ეფექტური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია ერთდროული, ურთიერთდაკავშირებული და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება ყველა შესაბამისი მოთამაშის მიერ. ეს გახლავთ კომისიის ტიპის უწყება, რომელიც უფლებამოსილი და პასუხისმგებელია მიგრაციის პოლიტიკის შექმნაზე, დაგეგმარებაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე. ამრიგად, მიგრაციის საკითხების სახელმწიფო კომისია ახდენს 12 უწყების კოორდინაციას და სათანადოდ არის აღჭურვილი იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გლობალური და ეროვნული მასშტაბის თანამედროვე გამოწვევებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, გენერალური დებატების ფარგლებში, ასამბლეის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები