რუსეთის პატრიარქმა კირილემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიწვია.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიწვია.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 4 დეკემბერს, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის თავზე მიიწვია. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა აცნობა, რომელიც ამ მისიისთვის 1-დღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს.
პატრიარქს არ დაუზუსტებია, დაესწრება თუ არა სადღესასწაულო წირვას. მიზეზად მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დავესწრები დღესასწაულს“, – აღნიშნა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შორის გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც 2-3 წევრისგან დაკომპლექტდება.
პატრიარქის განცხადებით, აფხაზეთში სიტუაცია უნდა დარეგულირდეს.
„ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია, აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაცია, ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასეთ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის, სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. აფხაზეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა აქ და მითხრა ამ განხეთქილების შესახებ. მან მითხრა, რომ შეიძლებოდა მოემზადებინა იქ ჩემი სახლი. მე აფხაზეთში სახლი მაქვს, როდესაც იქ ვცხოვრობდი, მაშინ შევიძინე ნინოშვილის 13 ნომერში. ახლა იქ ვიღაც ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის, ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან, ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები