“რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება”

“რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება”

რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს 7 აგვისტოა, 13 წელი გავიდა ომის დაწყებიდან. მინდა ვისარგებლო ამ გადაცემით და გავუზიარო მთელ საზოგადოებას ამ ქვეყნის დიდი ტკივილი, რასაც ჰქვია 13 წლის წინ დაწყებული ომი და ის ფაქტი, რომ დღესაც ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება. ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და მინდა ასევე განსაკუთრებულად მივუსამძიმრო დაღუპულ გმირთა ოჯახებს. ეს დღე ასევე იმედის დღეა, ვინაიდან ჩვენ არ შევეგუეთ და არ შევეგუებით ამ ფაქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებას და აღნიშნა, რომ მასში ახალს ვერაფერს ხედავს.

„ეს მათი მუდმივი პოზიციაა, რომ თურმე ჩვენზეა დამოკიდებული ამ პრობლემის მოგვარება. რეალურად კი მათი მხრიდან უნდა იყოს ნება, უნდა ვხედავდეთ, რომ რაღაცები იცვლება და დეესკალაციისკენ მიდის საქმე, რათა შესაძლებელი იყოს დიალოგი. დღეს ამაზე არაფერი მიანიშნებს. მე მინდა ვახსენო არა რუსეთის განცხადება, არამედ იმ ქვეყნების გამოხმაურებები, რომლებმაც ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ევროპარლამენტარებმა. ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ოკუპაციას და ყველა მხრიდან საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ალბათ ესაა ის, რაც გვაიმედებს, რომ ომიდან 13 წლის შემდეგაც არავინ შეჰგუებია ამ ფაქტს. ეს ყველასთვის აქტუალური საკითხია და ყველას მიდგომაა, რომ რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები