რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

მთავრობამ, მევენახეების მხარდასაჭერად, რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასი მინიმუმ 80 თეთრით განისაზღვრა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. ბოლო წლების განმავლობაში, ვითარდება მეღვინეობა და მევენახეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2,5% და დღეის მონაცემებით ეს არის 6%. ეს არის ძალზედ სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის. ამიტომ, შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდინოს სუბსიდირება რთველის. განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასი არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. თუ საჭირო იქნება სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე, რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები