რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს “ოსკარზე” – კომისია საუკეთესოს არჩევს

რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს “ოსკარზე” – კომისია საუკეთესოს არჩევს

ხვალ, 30 სექტემბერს კინოსახლის განახლებულ დარბაზში საქართველოს “ოსკარზე” წარსადგენი ფილმები გამოვლინდება .   “ოსკარის” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს, სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს.

ეროვნულმა კინოცენტრმა განცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დაასრულა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ 4 განაცხადი შევიდა. შესაბამისად, “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს: “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); “მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); “საშიში დედა” (რეჟისორი:ანნა ურუშაძე) და “ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

“ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება. ესენი არიან: კახი კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლანა ღოღობერიძე – რეჟისორი, კოტე ჯანდიერი – სცენარისტი, ოთარ შამათავა – რეჟისორი-პროდიუსერი, ია სუხიტაშვილი – მსახიობი, არჩილ ახვლედიანი – ოპერატორი, გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი, ქეთი ტრაპაიძე – კინომცოდნე და ზურაბ მაღალაშვილი – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები