“როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ადამიანი, რომელსაც გულის ჯიბეში რუსეთის პასპორტი ედო, უხერხულია ასეთი კეკლუცობა“

“როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ადამიანი, რომელსაც გულის ჯიბეში რუსეთის პასპორტი ედო, უხერხულია ასეთი კეკლუცობა“

როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა, ცოტა უხერხულია მათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„არის რეზოლუციის პროექტი, რომელზეც ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, რომ მზად ვართ ვიმუშაოთ. შემოუერთდნენ ამ პროექტს. ვფიქრობ, არის დრო და სივრცე დარჩენილი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხერხდეს ერთი რეზოლუციის მიღება. მოვისმინეთ პოლიტიკური კეკლუცობები და აბსოლუტურად გაუაზრებელი ამბიცია, რომ სადღაც რაღაც არ ჩაიწერება. კიდევ გეუბნებით, არსებობს დიპლომატიური სტანდარტი და როდესაც ამ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა და ახლა დიპლომატიის მამებად და დედებად წარმოჩინდებიან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ადამიანი, რომელსაც გულის ჯიბეში რუსეთის პასპორტი ედო, ძალიან დიდი ბოდიში და უხერხულია ამათგან ასეთი კეკლუცობა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები