“როდესაც ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლარიზაცია ვერ დასრულდება”

“როდესაც ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლარიზაცია ვერ დასრულდება”

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციაში რამდენიმე ძალაა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, არაფერი არ უნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სოზარ სუბარმა განუცხადა, დამოკიდებულება, რომ არჩევნები რამდენჯერმე ჩატარდეს, სანამ ოპოზიციური პარტიები არ მოიგებენ, ვერ და არ მოხდება.

„ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება არაცივილიზებულობის ნიშანია და პარტია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ ყველა მოუწოდებს. ქუჩაში პროტესტი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ქუჩის პოლიტიკა დამთავრდა 2012 წლიდან და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა. როცა პარტია მხარდაჭერას მიიღებს, იქ უნდა იაქტიუროს რისთვისაც მიიღო. წითელ ხაზებზე არ ვლაპარაკობთ, რადგან მოლაპარაკება წითელი ხაზების გარეშე უნდა იყოს, ამაზე ამიტომ აღარ ვლაპარაკობთ. როცა პატიმრების გათავისუფლებაზე ლაპარაკობენ, პროკურატურის მხრიდან გირაო არსებობს, მელიამ უნდა გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. გასაღები მის ხელშია და თუ მას უნდა, წამებულის იმიჯი ჰქონდეს, მისი ასარჩევია, თუმცა სწორი პოზიცია არ არის. ოპოზიციაში რამდენიმე ძალაა, რომელსაც არაფერი არ უნდა ხელისუფლებაში მოსვლის გარდა. დამოკიდებულება, რომ არჩევნები რამდენჯერმე ჩავატაროთ, სანამ ისინი არ მოიგებენ, ვერ და არ მოხდება. მოტივაცია ყველას სხვადასხვა აქვს – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანი აზრი არ არის, რამდენიმე რადიკალი ფრთაა, ვინც თავის აზრს სხვებს თავს ახვევს და მათი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი. მათი მიზანია, ხელისუფლების სათავეში თავად იყვნენ, კიდევ ისე ძარცვონ ქვეყანა, ატერერონ და აწამონ ადამიანები, რაც ვერ მოხდება. მეორე პარტიაა „ლელო“, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენები ჰქონდა, რას მიაღწევდა. უზარმაზარი ფული დახარჯეს, გადაჭარბებული წარმოდგენები შეიქმნეს, რომელიც ჩავარდა და ამას ვერ ეგუებიან. მგონი, იგივე მდგომარეობაში არიან გიგა ბოკერია და მისი პარტია, რომელიც პრაქტიკულად, დაიშალა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს სხვა მოტივაცია აქვთ, მაგრამ საერთო თამაშიდან ვერ გამოდიან და თავს ვერ აღწევენ“, – განაცხადა სუბარმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველანაირი შეთანხმება დაარღვია, როცა მოლაპარაკებების შემდეგ ტყუილ-მართალზე ისაუბრა და რაც საჯაროდ გამოიტანა, ნაწილი ტყუილი იყო, ნაწილი მართალი და ასევე იყო მოგონილი თემებიც.

„ამის მიუხედავად დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ახალი მოლაპარაკებები იქნება და იმედია, ახლა მაინც დაიცავენ შეთანხმებას. როცა ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლარიზაცია ვერ დასრულდება. ამ კაცს უნდა იჯდეს სუფრის თავში ან არევაზე იფიქროს. ხალხმა ეს მანდატი არ მისცა. გასაოცარი სხვა რამეა – ერთადერთი შემთხვევაა, რომ პარტია და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც სისტემურ წამებას საფუძველი ჩაუყარეს და დააკანონეს, ეს პოლიტიკოსები პოლიტიკურ არენაზე დარჩნენ და კიდევ პრეტენზია აქვთ, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. მსოფლიოში მსგავსი რამე არ მომხდარა და კარგი იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ამ ჭრილიდან შეხედავენ და მაშინ ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება – გამოჩნდება, რომ არსებობს არა პოლარიზება, არამედ ის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე“, – აღნიშნა სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები