რიმა ბერაძე: მეხუთე მოწვევის საკრებულომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი

რიმა ბერაძე: მეხუთე მოწვევის საკრებულომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სამწლიანი მუშაობის განმავლობაში დედაქალაქისთვის მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

“ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის შედეგად, დედაქალაქისთვის ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა მოგვარდა, განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი“, – აცხადებს რიმა ბერაძე.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მძიმე მემკვიდრეობა და მრავალი გამოწვევა დახვდა, რასთან გასამკლავებლადაც დიდი შრომა იქნა გაწეული და ქალაქის განვითარების მიმართულებით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ისეთი გრანდიოზული როგორებიცაა „ახალი ტიფლისი“, პეკინის გამზირი, ახალი მეტროსადგური, ახალი ხიდები, ახალი ესტაკადები, ახალი სოციალური პროგრამები, 17 ახალი საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, სკვერები და განახლებული უბნები და ეს ამ მოკლე პერიოდში მერიისა და საკრებულოს ერთობლივი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია“, – აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახალი საკრებულო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„ჩვენ დაგვხვდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა,ძალიან ბევრი საკითხი მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მერის კახა კალაძისა და ახალი საკრებულოს ერთობლივი მუშაობით ეტაპობრივად მოგვარდება“, – აცხადებს რიმა ბერაძე და დასძენს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზაობა არის.

„ვგეგმავთ ოპოზიციასთან საქმიან და კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური პოპულიზმი არ გადაწონის ვალდებულებას, რომელსაც მათ კანონი და ხალხის ნდობა ანიჭებს. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ იმ დაპირებების შესრულებას რომელიც თითოეულმა ამომრჩეველმა გვანდო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები