რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია, რომელსაც უმცირესობა დათანხმდა-მამუკა მდინარაძე

რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია, რომელსაც უმცირესობა დათანხმდა-მამუკა მდინარაძე

„ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია ნახსენები, რომელთან დაკავშირებითაც საერთო პოზიცია გაგვაჩნია და გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ საქართველო, ქართული პარლამენტი ახერხებს პრინციპული, სამშვიდობო და იმ პრაგმატული პოზიციის დაფიქსირებას, რაც დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე ქმნის სწორ საფუძველს და სწორ დასაყრდენს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია, რომელსაც უმცირესობა დათანხმდა. „ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ აქცენტი მხოლოდ სიაზე კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სია არ არის ამ რეზოლუციაში. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, რომელსაც ძალიან კარგია, რომ უმცირესობა დასთანხმდა, არის ბევრი პრინციპული საკითხი, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა. კერძოდ, რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე; ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე; უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი – რეზოლუციის ტექსტიც, პრემიერის განცხადებაც, თითოეული ჩვენგანის მიდგომა, განცხადება თუ ფრაზა, გამომდინარეობს მთავარი პრინციპიდან – ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა, პრაგმატული, პრინციპული, სამშვიდობო დამოკიდებულება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ პრინციპებში ჯდება თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გახმოვანებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები