„რეფორმების სახელს ამოფარებული სააკაშვილი ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება“

„რეფორმების სახელს ამოფარებული სააკაშვილი ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება“

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რეფორმების სახელს ამოფარებული ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება დაინტერესებული ფინანსური თუ ლობისტური ჯგუფებისგან. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი თურქული სასუქების, დაბრკოლებების გარეშე, უკრაინაში შეტანას ლობირებს ადგილობრივი წარმოების შევიწროვების ხარჯზე და ამ გზით თუქრული სასუქის იმპორტით ხელის მოთბობას ცდილობს.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ვინმე ბოკოვი აიყვანა. მედიაში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. გაბუნიას მიმართ საფრთხე ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მან ეს წინასწარ იცოდა. ამავე დროს გამოქვეყნდა სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის ფარული ჩანაწერი ამ თემაზე. როგორ ფიქრობთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე – ეს იყო, როგორც გვარამია ამბობს, რამზან კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერი, თუ ისევ სააკაშვილი–გვარამია–ადეიშვილის გეგმის ნაწილი?

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობაში სერიოზულ ხათაბალას გადაარჩინა თავად გაბუნიაც და მთელი ქვეყანა. გამოძიება მიმდინარეობს და ის იტყვის თავის სიტყვას, ჩვენ კი ვერსიებზე შეგვიძლია საუბარი. ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის 90%-თვის მიუღებელია და ეს თავადაც იციან. ამიტომ ხელისუფლების მისატაცებლად მათ ერთადერთი გზა – სახელმწიფო გადატრიალება რჩებათ. სახელმწიფო გადატრიალებისთვის კი საჭიროა ნოყიერი ნიადაგის მომზადება, ანუ ხალხში საჭირო ემოციური მუხტის შეტანა, პოლიტიკური ტემპერატურის დაძაბვა, რასაც საკუთარი საინფორმაციო საშუალებებით გააკეთებენ და ამისთვის კი ემოციური საბაბი სჭირდებათ.

ანუ, სახელმწიფო გადატრიალებისთვის დასჭირდათ გაბუნიას მკვლელობა?

– სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია – საკრალური მსხვერპლი. მსხვერპლი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ბავშვი, ფეხმძიმე ქალი უნდა იყოს, რომ მეტი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს საზოგადოებაში. ჩვენ გვახსოვს, საქართველოში ჟურნალისტ სანაიას, უკრაინაში გიორგი ღონღაძის, სერბეთში პრემიერი ჯინჯიჩის მკვლელობები, რომელიც სწორედ სახელმწიფო გადატრიალებებს უსწრებდა წინ. ამის თაობაზე „უკრაინული ახალი ამბების“ სააგენტოს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და მნიშვნელოვანი დეტალები გააჟღერა.

თქვენ გულისხმობთ საინფორმაციო სააგენტო „Новости Украины“-ს დირექოტრის ოლეგ დეინეკოს პრესკონფერენციას, სადაც მან სააკაშვილი მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში დაადნაშაულა. მეტიც, როგორც ამბობს, თავად გიორგი გაბუნიას, როგორც საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის გაპიარებაში ძალაუნებურად ჩართეს. ეს ძალები მიზნად ისახავენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ასევე პროვოკაციებსა და არეულობას…

– დიახ. ოლეგ დეინეკო აცხადებს, რომ წლის დასაწყისში მასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან, მივიდნენ სააკაშვილის წარმომადგენლები და შესთავაზეს გიორგი გაბუნიას გაპიარება უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და მოლდოვაში. შარშან კი გაბუნიამ უცენზურო სიტყვების კორიანტელი დააყენა პუტინის მიმართ პირდაპირ ეთერში. უკრაინელები ამ ყველა ფაქტს ერთ ჯაჭვად აწყობენ და აცხადებენ, რომ გაბუნიას ამზადებდნენ რიტუალურ მსხვერპლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა საპროტესტო გამოსვლები და საქართველოში ხელისუფლების დამხობა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები