“რეგულირების სააგენტოს სასამართლოს განჩინების გარეშე შეეძლება კლინიკების შემოწმება და დოკუმენტაციის გამოთხოვა”

“რეგულირების სააგენტოს სასამართლოს განჩინების გარეშე შეეძლება კლინიკების შემოწმება და დოკუმენტაციის გამოთხოვა”

მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს ბერკეტი იმისთვის, რომ ჰქონდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე განუცხადა.

თამარ გაბუნია ცვლილებებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგენს.

ამ ცვლილებებით, რეგულირების სააგენტოს სასამართლოს განჩინების გარეშე შეეძლება კლინიკების შემოწმება და დოკუმენტაციის გამოთხოვა

„საკითხი შეეხება ისევ პაციენტის ინტერესების ფარგლებში დაუყოვნებლივ რეაგირების შესაძლებლობას, განსაკუთრებით, მაღალი რისკის საქმიანობის წარმოების შემთხვევაში. მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს ბერკეტი იმისთვის, რომ ჰქონდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, თუნდაც ეს იყოს პაციენტის მიერ გადაცდომად აღქმული და არ უკავშირდებოდეს რეალურ გადაცდომას სამედიცინო მომსახურების ხარისხში. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჯანდაცვის შესახებ კანონში შედის, არის მარეგულირებლის უფლებამოსილება, ერთის ნაცვლად, სამჯერ განახორციელოს კონტროლი მაღალი რისკის სამედიცინო დაწესებულებებზე. ასევე, დგება საკითხი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების უფლებამოსილების შესახებ, რაც აქამდე შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაჯარიმებითა და ხელმეორედ დაჯარიმებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით დარღვევა შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში დარჩენილიყო აღმოფხვრის გარეშე.

„ჯარიმების გასული წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ დაახლოებით 223 საჯარიმო სანქცია იყო მოცემული. გარკვეული პროცენტი იყო მეორეული და მესამეული დაჯარიმება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კლინიკებისთვის იმ ჯარიმების ოდენობა, რომლებიც აქამდე იყო დაწესებული, არ წარმოადგენდა სტიმულს, შეეცვალათ ის დარღვევები, რომლებიც მათ ჰქონდათ. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს დგება ჯარიმების გაზრდის საკითხიც, რაც უკავშირდება იმას, რომ კლინიკას უნდა ქონდეს ინტერესი, თავიდან აიცილოს ჯარიმის ოდენობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს სასამართლოს განჩინების გარეშე შეეძლება კლინიკების შემოწმება და დოკუმენტაციის გამოთხოვა.

„სასამართლო ხშირ შემთხვევაში იძლეოდა გადაწყვეტილებას 72 საათის განმავლობაში, მაგრამ აქ არ იყო მხოლოდ დროის ფაქტორზე საუბარი. აქ იმაზე იყო საუბარი, რომ ერთი შემთხვევა ხშირად სცდებოდა ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებს, რომლის მიმართაც იყო სასამართლოში საქმე აღძრული. მთელი ამ კასკადის მოკვლევას სჭირდებოდა დიდი დრო. ამასთან, სამწუხაროდ, ვაწყდებოდით სამედიცინო დოკუმენტაციის შეცვლის მცდელობას. კლინიკა, რომლის მიმართაც იყო საქმე აღძრული, სასამართლო შეტყობინების მიღების შემდეგ ცვლიდა დოკუმენტაციას, რაც არის მტკიცებულება მარეგულირებლისთვის, რომ ასეთ პირობებში ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – დასძინა თამარ გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები