რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გამართა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და მისი მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – მზია გიორგობიანთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მერებსა და საკრებულოების წევრებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი გააცნეს.
შეხვედრებს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
დისკუსიის ფორმატში წარმართულ შეხვედრებზე, მუნიციპალიტეტების წევრებმა, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდა, ფისკალური დეცენტრალიზაცია, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსური უზრუნველყოფა, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივება, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც, აღნიშნულ შეხვედრებზე, მუნიციპალიტეტების წევრებთან დისკუსიისას გამოიკვეთა.
ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, საკონსულტაციო შეხვედრები, სწორედ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
,,შეხვედრებზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ასოციაცია მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს”, – აღნიშნა დავით მელუამ.
სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტში, თითქმის ყველა ის საკითხია გათვალისწინებული, რომლებიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების წევრებმა წარმოადგინეს, თუმცა მუნიციპალიტეტებთან დისკუსიისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც შეჯერდება და საბოლოოდ აისახება დოკუმენტში.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტის აღნიშნულ ფორმატში განხილვა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესებზე იქნება მორგებული.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი პროექტის განხილვა, 16 იანვარს დაიწყო. შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში და ახალციხეში გაიმართა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები