რატომ დატოვა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობა

რატომ დატოვა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობა

რატომ დატოვა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობა? – დეპუტატი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.
დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის ახლა მორალურად თავისუფალია.
„ის, რასაც გუნდურ პრინციპებს ეძახიან და რის გამოც, ადამიანი უნდა გაჩუმდე, ეს ვალდებულება საკუთარ თავს მოვხსენი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, მას მთავარი ვალდებულება საკუთარ ამომრჩევლებთან აქვს.
„გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო დრო გადიოდა და საკმაოდ დიდი დრო იყო, მეტი საშუალება იყო, ამეწონ-დამეწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვხვდები, რომ „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, ამა თუ იმ გადაწყვეტილების „გაპრავების“ რეჟიმში გადავიდა. „ ქართული ოცნების“ ქმედება საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში იყო თვალთმაქცური, ფაქტობრივად, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და რატომ არ ხდებოდა ამის დაფიქსირება? არ მოხდა ქალბატონი სალომეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ღიად წარდგენა და მისი მხარდაჭერა ოფიციალურად. ეს ყველაფერი ერთად როდესაც გროვდება, ხვდები რომ უკვე იდეოლოგიურ წინააღმდეგობაში შედიხარ გუნდთან. ზოგადად, „ქართული ოცნება“ შევიდა იმ დაპირებებთან წინააღმდეგობაში ,რომელსაც ის იძლეოდა ამდენი წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, რომ იყო მართალი ამომრჩეველთან და საკუთარ თავთან სჯობს, შენი საქმიანობა გააგრძელო დამოუკიდებლად“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არჩევნების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
„ის საქციელი , რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაღალ დემოკრატიად აქცია, რომ არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ წარადგინა და თითქოს, დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს – ეს არ მომწონს. საკმაოდ არასწორი გადაწყვეტილებაა. არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს არჩევნებისადმი. მაშინ, ჩვენ, პოლიტიკოსებს რა უფლება გვაქვს, მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. თუ ასეთი აგდებული დამოკიდებულებაა არჩევნებისადმი, ვფიქრობ, აღარ გვაქვს მორალური უფლება ადამიანებს მოსთხოვო მხარი დაუჭირო ამა თუ იმ კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტ რომ მხარი დაუჭირო. ამ საქციელით მათ საკმაოდ დააზიანეს თავად საკუთარი თავიც და ქალბატონი სალომეც, შესაბამისად, შანსებიც შეამცირეს. საზოგადოება ვერ იტანს არაგულწრფელობას. არჩევნები – ეს არის ყველა პოლიტიკური ძალისთვის ანგარიშის ჩაბარებისა და ახალი ვალდებულებების აღების საშუალება. „ქართულმა ოცნებამ“ ამას თავი აარიდა“-განაცხადა ჭიჭინაძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებთანაც თანამშრომლობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ უხეშად არაერთგზის დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები“, – წერია სამდივნოს განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები