“რასაც სააკაშვილი აკეთებს, ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პარალელურად მიუყვება რუსეთის ინტერესებს”

“რასაც სააკაშვილი აკეთებს, ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პარალელურად მიუყვება რუსეთის ინტერესებს”

დღეს თუ მოსკოვს რამე აწყობს, არის სააკაშვილის საქართველოში ყოფნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს რუსული თემა ისე ხშირად არის წამოწეული, რომ სააკაშვილს რუსეთი ემუქრება, მას რუსეთში გაიტაცებენ, რუსებს აწყობთ, პუტინის დავალებაა და ასე შემდეგ, რომ ეჭვი გიჩნდება და ლოგიკურ დასკვნაზე გავდივართ. ლოგიკური დასკვნა არის შემდეგი და საკმაოდ მძიმე – თუ დღეს მოსკოვს რამე აწყობს, არის სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და ამ რევოლუციური დაპირისპირების განვითარება, რომ ქვეყანამ სტაბილურობას ვერანაირად ვერ მიაღწიოს, რომ იქ თავის მოკავშირეებს გაუჩნდეთ შეკითხვები და ა.შ, რაც რეალურად ხდება და, რაც უფრო მძიმე სახით შეიძლებოდა, განვითარებულიყო, რომ არა მისი დაკავება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ირაკლი კობახიძის მხრიდან ასეთი მწვავე წერილი, რომელიც დღეს გავრცელდა და, რომელიც ოპოზიციამ დასავლეთის კურსზე უარის თქმად შეაფასა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, დასავლეთის სტრუქტურებში, ნატო-სთან და ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს პოზიციები არის უპრეცედენტოდ პოზიტიური, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა.

„ეს არ არის მარტო საქართველოს თემა. ეს არის რეგიონის თემა და ეს არის რუსეთის პოზიციების მოძლიერება საქართველოში. უფრო მეტს გეტყვით, ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ასეთ შავ კატებს უშვებენ და ამის გაკეთებას ცდილობენ, რუსეთის პოლიტიკის წისქვილზე ასხამენ წყალს. არ მინდა აქ ემოციური და აჟიტირებული განცხადებები, მაგრამ რუსეთს რეგიონში აქვს თავისი პრაგმატული ინტერესები, რომელიც ჩვენს ინტერესებს აბსოლუტურად არ ემთხვევა და ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პარალელურად მიუყვება მათ ინტერესებს, ხოლო ასეთი განცხადებები, რაც მათრახს და კვერზე ლაპარაკს შეეხება, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ღმერთმა ნუ ქნას, აღქმული იყოს, როგორც ევროპული პოზიცია. არ მინდა ამ განცხადების ავტორის მიმართ დამატებითი ეპითეტების გამოყენება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, თუ ღირსების შელახვის საპასუხოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გლობალურ, თუნდაც, რეგიონალურ მასშტაბში ძალიან სერიოზული დამაზიანებელია ევროკავშირის ინტერესებისა ამ რეგიონში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები