რას წერს ჩვენებაში დავით ცინარიძის ცოლი

რას წერს ჩვენებაში დავით ცინარიძის ცოლი

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ახლობლები დღემდე დარწმუნებულები არიან – ის მხოლოდ იმის გამო ისჯება, რომ დავით ცინარიძეა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო.

 

მათივე პოზიციით, სხვას ამ მუხლით სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებდა.

 

მუხლი კი ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს (სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

 

„პრაიმტაიმმა“ სწორედ მათგან შეიტყო, რა მოხდა ცინარიძეების ოჯახში 28 აპრილს:

 

„დავითი სახლიდან დილით გავიდა. ოჯახში მცირე დაძაბულობა კარანტინის პირობებმა შექმნა და ეს არ არის გამონაკლისი. უამრავ წყვილს დაეძაბა ამ დროს ურთიერთობა…

 

მანანამ მას გასვლისას რაღაც დააბარა. საღამოს სახლში მობრუნებულს, ცოლის დანაბარების შესრულება დავიწყნია. ამან დილით დაწყებული კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა…

 

დავითმა გადაწყვიტა, რომ ცოლს გაცლოდა. ბალიშიც კი აიღო სახლიდან და მარანში წავიდა. გაღიზიანებული იყო მანანაც და არ მოეშვა. უკან გაჰყვა… ჰოდა დავითსაც უმტყუნა ნერვებმა. მანაც აუწია ხმას…

 

მანანა ტელეფონს დასწვდა, ახლავე დავრეკავ პატრულშიო. ის ეუბნებოდა, ნუ იზამ ამას, არ შემარცხვინოო.

 

ტელეფონის წართმევა სცადა. მობილურს რომ ეჯაჯგურებოდა წასართმევად, საქამრიდან იარაღი გაუვარდა. მის ასაღებად დაიხარა. ამ დროს გაითავისუფლა თავი მანანამ. ეზოში გაიქცა პატრულთან დასარეკად…

 

იარაღი რომ აიღო, მაშინ შემთხვევით გამოჰკრა ხელი სასხლეტს და ამ დროს მოხდა გასროლა.

 

ბავშვები სახლში იყვნენ. ეძინათ.

 

უფროსი გოგო გააღვიძა, დედაშენს ვერ ვაწყნარებ, მიხედეო. მერე დაჯდა და დაელოდა პატრულს. არსად წასულა.

 

ასეთი კონფლიქტი ალბათ ძალიან ბევრ ოჯახში მომხდარა, მაგრამ დავითი მწარედ დაისაჯა, რადაგნ პატრულის ყოფილი შეფი და დავით ცინარიძე იყო.

 

ახლა მგონი ორივე ცოლ-ქმარი ნანობს მომხდარს“ – გვიამბო ოჯახის ახლობელმა.

 

სინანულზე ვერაფერს ვიტყვით, თუმცა, „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რა დაწერა მანანა ბოლოთაშვილმა ქმრის დაკავების შემდეგ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, სადაც მან მომხდარი კონფლიქტი აღწერა:

 

„დავითი უკან მომყვებოდა არ დარეკო, თავი არ მომჭრაო, თორემ გიტირებ ყოფის დღესო, მე მისი მუქარის შემეშინდა და დავრეკე 112-ში, რა დროსაც ხმამაღლა ვყვიროდით. იმ მომენტში მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად…

 

ახლა რომ ვაანალიზებ, დავითს, ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, მჭიდში კიდევ ჰქონდა 13 მასრა და ტელეფონის წართმევის მცდელობის ნაცვლად, დამიზნებით მესროდა… მე არ დამინახავს იარაღის გასროლის მომენტი და არ ვიცი, მას აღნიშნულით რისი გაკეთება უნდოდა.“

 

შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლებს.

 

მანანა ბოლოთაშვილმა და დავით ცინარიძე 15 წლის წინ დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები